ლექსები
მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს,
იფარავდეს შინდი
შეციებულ ჩიტებს
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
გიკითხავდე ლექსებს,
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე ლამაზ
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე მშვიდი,
თბილი წვიმით წვიმდეს
და შენ ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს…
/ შოთა ნიშნიანიძე/
ყრმობის გალიაში
ჩიტივით ჩაკეტილი
ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდან, -
დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი,
შუბლზე მაკოცა და… წავიდა…
ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი
ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა, -
ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი,
თავი დამიკრა და… წავიდა…
ზეცა ჩამომექცა დარდის დარად,
არადა, შეცოდება არ მინდა,
სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა,
გაშალა ქოლგა და… წავიდა…
ტირიფი იყო მორებად დაჩეხილი,
რეკდა მწუხარების ზარი და
ტირიფმა ჩამიტარა ტირილის გაკვეთილი,
თვალი ჩამიკრა და… წავიდა…
იყო სიტყვა შენი წუთით აღკვეთილი,
მაინც მამხნევებდნენ მაღლიდან, -
სიცოცხლემ ჩამიტარა
სიკვდილის გაკვეთილი,
გული მატკინა და… წავიდა…
მორის ფოცხიშვილი
დღე დგება უტყვი და უჩვევი,
მეწამულ ბილიკზე ვდგები, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე,
გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები.
თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები,
თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით…
ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი.
ყველას სიყვარულში გიტყდებით,
გლოცავთ და მიშრება ყელი, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი!
გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ,
ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, -
ავუვსოთ ერთმანეთს გულები,
სიყრმის და სიცოცხლის რწმენით!
ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით.
სიტყვა გამოვნახოთ თბილი, -
ლოცვით მიმოვყაროთ ნისლები,
ფარად ავეფაროთ თბილისს!
ავუნთოთ ერთმანეთს სანთლები,
შევუწყოთ ერთმანეთს ხმები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები.
ო, სისხლო, რა უცებ წყალდები,
ო, გულო, რა უცებ თვრები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები.
ხორხს ცხელი სიმღერით ვიღადრავ,
ვფხიზლობ და ვჩურჩულებ: – ამინ!
დავუთმოთ ერთმანეთს დილა და
დავუთმოთ ერთმანეთს ღამე!
მორის ფოცხიშვილი
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და … მეთხუთმეტე კაცად შევიდა,
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება,
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე,
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა,-
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.
ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა;
ოჰ, ოჰ … ოჰ …ოჰო- თქვა და თითქოს კიდეც ინანა,
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,- ისევ ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.
- წვიმა არ არის!-
საბას კაბა დაუსველა რამ?!
- თოვლი არ არის!-
საბას თავი გაუთეთრა რამ ?!
- ყინვა არ არის!- სულხან – საბას აკანკალებს
- რამ დაასველა?!
-რამ დაათეთრა?!
-რა აკანკალებს?!-
საქართველოა მისთვის: წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც!
… მზე ეთხოვება ალბათ, ახლა ტურფა ტანძიას…
ეს სიცხადეა, სულხან – საბავ, თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,-
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს,-
სტამბოლში შვილი დედას სტირის,- ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა, ნინოს, მუხლზე დაცემულს),
რამდენს აფასებ მაგ პატარას?-ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!-
წარმოსთქვა ბალღმა,- ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?
საბას ცრემლები მოეძალა,- ატირდა კაცი,-
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.
ვით ეს ყმაწვილი,- საქართველოც,- ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს ასე ჰყიდიან…
საფრანგეთს ვთხოვოთ, გვიშველისო,- სასაცილოა!..
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰჯიდია
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა…
მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?!
გულს ნუ გაიტეხ!- მუხა კვლავაც შეიმოსება!
მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე,
ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი
და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე
სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.
მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,
პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,
დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება,
ჩურჩულზე დაბალი, მთრთოლვარე ბგერებით.
დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები
ჟინმოწყურებული ამბორის ამალით,
აავსეთ ფრაზები სულ გამოცანებით,
უაზრო თემებით, აღგზნების დამალვით.
დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე,
გინდა თუ არ გინდა, სატრფოზე გეძინოს,
საყვარელს უთხარით: `მე ახლა რომ გიმზერ,
რატომღაც მინდა, რომ მეჩხუბო, მეწყინოს~.
იმდენად თამამად შეეხეთ ქალის მკერდს,
შენკრთეს და მოუნდე, დააწყდეს ნერვები,
ხალხმრავალ ადგილას ალერსი გარისკეთ,
რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.
იფიქრეთ, ცოტაა სადი და ბოკაჩო
იმ ვნების კოცონთან, რომელსაც თქვენ აჩენთ,
შერწყმას თუ მოგინდა ალერსი მოქაჩო,
ხუმრობით, ბავშვურად, ნაწნავი მოქაჩე.
შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი,
მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე,
გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,
საყვარელს ჩურჩული აკოცეთ კეფაზე!
გიორგი ზანგური
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment